ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150-750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს - "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს".
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. აქ დაცულია უნიკალური საკმლისხიან - ღვიიანი ქალწულებრივი ტყე. ღვიიანი ფარმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგარი ღვიარები - შავი ღვია და მრავალნაყოფი ღვია. ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი მცენარეები: ქართული კოწახური, ველური ბროწეული, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა. აქ ვხვდებით მესამეული პერიოდის რელიქტის - თურანულას ერთადერთ სამყოფელს საქართველოში.
ბინადრობს დათვი, აფთარი, ფოცხვერი, მგელი, გარეული ღორი, ქურციკი, ლელიანის კატა, მაჩვზღარბა, სვავი, ორბი, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, სარსარაკი, შავი ყარყატი, კაკაბი; რამდენიმე წლის წინ მეცნიერთა ჯგუფმა წინააზიურ ლეოპარდს მიაკვლია.
 
გვხვდება სტეპისთვის დამახასიათებელი იშვიათ ფრინველთა სახეობები - სავათისა და სარსაკის გუნდები. ეს ფრინველები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი.
 
მრავლად არიან მწერები, ნაკრძალის ტერიტორიაზე შვიდასამდე მწერია აღრიცხული. ვხვდებით ქვეწარმავლებსაც. ნაკრძალის ტერიტოტიაზე ბინადრობს ხმელთაშუა ზღვის კუ, გრძელფეხა სცინკი, თვალტიტველა ხვლიკი, გველები -აზიური მახრჩობელა, ოთხზოლიანი მცურავი, ანკარა, გიურზა. ეს უკანასკნელი საქართველოს ფაუნაში გავრცელებული ერთადერთი გველია, რომლის შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.
 
ვაშლოვანის ნაკრძალი გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური ღირებულებების ლანდშაფტებითა და ნათელი ტყით.
 
დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.
 
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
 
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.